2019 წლის 2 მაისს, საქართველოს რაგბის კავშირის და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს ორგანიზებით, საფუძველი ჩაეყარა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ბატონი გოჩა სვანიძის და “აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბატონი მერაბ გოგბერაშვილის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთნამაშრომლობის მემორანდუმს.
აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მოემსახურება 16 წლის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში. ცენტრს რეგიონში ანალოგი არ აქვს.
საქართველოს რაგბის კავშირი, 20 წლამდელთა და ეროვნული ნაკრების წევრები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან და ყოველთვის მონაწილეობენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ პროექტებში. ამის ნათელი მაგალითია, საქართველოს რაგბის კავშირისა და „აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“-ს თანამშრომლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო და ახლა უკვე, ახალ საფეხურზე გადავიდა. 20 წლამდელთა და ეროვნული ნაკრების წევრები უშუალოდ მონაწილეობენ ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროცესში.
პროექტის „სახლი“ ფარგლებში რაგბის კავშირი ახორციელებს კომპლექსის პირველი კოტეჯის მშენებლობას პარტნიორ კომპანიებთან ერთად (ბრიკორამა, ფორტექსი, ლისი-დეველოპმენტი, ტოიოტა ჯორჯია, კნაუფი). ნაკრების წევრები 6 კვირის განმავლობაში მოიპოვებენ სამშენებლო მასალებს და სპეციალისტების ზედამხედველობით ააშენებენ პირველ კოტეჯს.