აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს მომავალი ცენტრის სტრუქტურა და მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამთავრობო და კომერციულ სტრუქტურებს მათი წვლილისათვის.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს საქართველოში ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.
„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა მერიის წვლილზე პროექტის განხორციელებაში, დაწყებული ცენტრის ასაშენებლად 2 ჰექტარი მიწის გამოყოფით.
ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის ასეთ კომპლექსურ ცენტრს ააშენებს.






