2018 წლის 27 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა აუტიზმის ეროვნული ცენტრის კონცეპტუალური პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაცია აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც მომავალშიც გეგმავს საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია ცენტრის მშენებლობის ეტაპებზე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა ოჯახის წევრები, სფეროში მოღვაწე სპეციალისტები, დაინტერესებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კულტურის ცნობილი მოღვაწეები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში, ფონდის მიერ სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ კულტურის, ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებიც მხარში უდგანან ფონდს და მშობლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების საკითხში.