2016 წლის 4 აპრილს ქ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი მშობლების ორგანიზებით გაიმართა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი.
საქველმოქმედო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები გახლდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. თბილისი მერია, ქ. თბილისის საკრებულო, კომპანიები: „გალფი“, „NCC“, „ერნტს ენდ იანგი“, „სარაჯიშვილი“, „ანაგი“, „ლენდ ენდ კომპანი“, „თი-ბი-სი“, „ავერსი“, „დამანი“, „ვინოტელი“, „ ტელეკომპანია რუსთავი 2“.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში ცნობილმა საოპერო ვარსკვლავებმა და შემსრულებლებმა: ზურაბ სოტკილავამ, მაყვალა ქასრაშვილმა, თამარ ივერმა, ნინო სურგულაძემ, ნინო მაჩაიძემ, ქეთევან ქემოკლიძემ, გიორგი გაგნიძემ, შალვა მუქერიამ, პიანისტმა – დავით ალადაშვილმა, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრმა – დავით მუქერიას დირიჟორობით.
კონცერტის დეკორაციები გოგი ალექსი-მესხიშვილს და მისი დიზაინის სკოლის მოწაფეების მიერ შეიქმნა. კონცერტის მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ მარინა ბერიძე, ხოლო რეჟისორი – ზაალ ჩიქობავა.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის/ზრდასრულებისთვის აუტიზმის ეროვნული ცენტრის -ფერადი ქალაქის პროექტირების დაფინანსებას. აღნიშნული ცენტრი ძალზედ მნიშვნელოვანია მათი დამოუკიდებლად არსებობისთვის საჭირო ჩვევების დასწავლისა და ინდივიდუალური უნარების განვითარებისთვის.
კონცერტის პარალელურად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ცისფერ დარბაზში გაიმართა რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც წინ უძღოდა კონცერტს, რამაც უდიდესი როლი შეასრულა აუტიზმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში.